Δευτέρα, 31 Ιουλίου 2017

ეპისკოპოსი, რომელიც თავის ფარაზე არ ზრუნავს, მწყემსი კი არა, მგელია


    ეპისკოპოსებს, რომელთაც ყველაზე მზრუნველობა ევალება და მომავალში პასუხისმგებელია ღვთის წინაშე თითოეული მათგანისთვის, იცოდეს, რომ ძმათაგან თუნდაც ერთიც ჩავარდეს ცოდვაში იმიტომ, რომ წინასწარ არ აუწყა საღმრთო სამართალი, ან არ ასწავლის ცოდვაში შთავარდნილს, არ ცდილობს მის გამოსწორებას და ისიც, განუსწავლელი და უცოდინარი იმისა თუ როგორ გამოსწორდეს, წარწყმდება, წარწყმედილი ძმის სისხლს ღმერთი მოძღვარს მოკითხავს (ეზეკ. 33:8).

განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოძღვარი უცოდინარობით კი არ უგულებელყოფს ღვთისათვის რაიმე სათნოს, არამედ მოფერებით ემლიქვნელება შემცოდეთ, შეცოდებისაკენ აქეზებს და ცხოვრების მკაცრ წესებს უმსუბუქებს მათ, რამეთუ ნათქვამია: "მნეტარებელნი თქვენნი გაცდუნებენ თქვენ, და კვალს გირევენ"(ესაია 3:12);
"თქვენი ამამღვრეველი, ვინც უნდა იყოს იგი, იტვირთავს სასჯელს"(გალატ. 5:10).

ამიტომ, ჩვენც, მსგავს განკითხვას რომ არ ვეწიოთ, ჯერ არს ძმებთან საუბარში მივყვეთ მოციქულის განწესებას: "არასოდეს გვიხმარიაო ლიქნის სიტყვა - ბრძანებს მოციქული - და არც ანგარებისათვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე: "არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან"(1 თესალონიკ. 2:5-6)


ამიტომაც ამ ვნებათაგან გათავისუფლებულს შეუძლია გვატაროს უსაფრთხო გზით და მოუპოვოს ჯილდო, როგორც საკუთარ თავს, ასევე მის მიმდევართაც;


რამეთუ, ის, ვინც პატივმოყვარეობითა და კაცთმაამებლობით კი არა, ჭეშმარიტი სიყვარულით უდგება თავის საქმეს და უტყუარი და გულწრფელი სიტყვით გაბედულად მიმართავს ყველას, მიეწიფება იმას რაც შემდგომ არის ნათქვამი მოციქულთან:
"მშვიდნი ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღმრთისა, არამედ ჩვენი სულიც..."(1 თესალონიკ. 2:7-8).

ხოლო, ვინც ასეთი არ არის, ის ბრმა წინამძღოლია, რომელიც თავპირისმტვრევით მიექანება უფსკრულში და თან ითრევს სხვებსაც. ნათქვამიდან ადვილი დასანახია, როგორი ბოროტებაა ჭეშმარიტების გზიდან ყალბ გზაზე ხეტიალის მიზეზად ექმნე საძმოს, მაგრამ ამავე დროს, ეს სიყვარულის მცნების არშესრულების ნიშანიც გახლავთ, რამეთუ არც ერთი მამა არ იქნება გულგრილი უფსკრულისაკენ გაქანებული პირმშოსადმი.
მაშ, რაოდენ საშინელია უთქმელობით და უმოქმედობით წარსაწყმედად გაწირო სული, რომელიც ბოროტებათა სიღრმეში დანთქმულა?
მაშ, არის თუ არა საჭირო მისი გაფრთხილება?
ამიტომაც, წინამძღვარი მოვალეა იფხიზლოს ძმათა სულებზე და თითოეული მათგანის ცხოვრებაზე იზრუნოს, რამეთუ თითოეული მათგანისათვის პასუხს აგებს ღმერთთან, ამიტომაც, ის ისე უნდა ზრუნავდეს მათზე, რომ თვით სიკვდილამდე აჩვენოს თავისი მონდომება, არა მხოლოდ სიყვარულის შესახებ უფლის საზოგადო და საყოველთაო სჯულის მიხედვით, რომლის თანახმადაც "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული ვინც სულს დადებს თავის მოყვასისათვის"(იოანე 15:13), არამედ მთქმელის განსაკუთრებული კანონის მიხედვითაც: "მოვისურვეთ, გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღმრთისა, არამედ ჩვენი სულიც" (1თესალონიკ. 2:8).
(წმინდა ბასილი დიდი)


ეპისკოპოსი, რომელიც თავის ფარაზე არ ზრუნავს, მწყემსი კი არა, მგელია: ასეთ მწყემსებზე ამბობს ღმერთი იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით: ”ვაი, ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყემსავენ, განა ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ? დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობთ და სისასტიკით ბატონობთ მათზე. გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ.. და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი...

ამიტომ, ისმინეთ უფლის სიტყვა.. ასე ამბობს უფალი აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვრებს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობიდან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს... რადგან მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს და მოვძებნი. (ეზეკიელი 34; 3-22)".

ამისათვის მწყემსები და მასწავლებლები პირველ მიმდევრებს უნდა ემსგავსონ, სარწმუნოება უნდა განმარტონ და ურწმუნოება განდევნონ, მართლმადიდებელნი საღვთო მცნებებით განამტკიცონ, ბოროტმადიდებელნი საღვთო ისრებით დაცხრილონ, მწვალებლებზე სულიერი მახვილი აღმართონ, მწუხარებაში მყოფთ ზურგი არ აქციონ, სული თვისი დადონ თავისი სამწყსოსათვის და სარწმუნოებისათვის თავისი სისხლი დაღვარონ, პირველმშობელ აბრაამს სარწმუნოებასა და მოშურნეობაში შეგეჯიბრონ და მის წიაღში განისვენონ ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მიერ, ვისაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასთან და სახიერ და ცხოვლისმყოფელ სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
(ღირსი იოსებ ვოლოცელი)

ყველა, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, ის აღმსარებელია.. სანახევროდ მართლმადიდებელია ის, ვინც მიიჩნევს, რომ მართალი რწმენა აქვს, მაგრამ ღვთიური კანონებით არ ხელმძღვანელობს... ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრიდან კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება.
(წმინდა თეოდორე სტუდიელი, ეპისტოლე 20, თხზ. . II. გვ. 249, ეპისტოლე 24).

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა დროიდან დღემდე სიახლეებისაგან შეულახავად და უცვლელად იცავს როგორც სახარებას, ასევე მოციქულთა სწავლებასა და მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს. ვაი მას, რომელიც გადუხვევს მართლმადიდებელი სარწმუნოებისგან და მისი სწავლებისაგან.
(ღირსი ამბროსი ოპტინელი)

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου

Σημείωση: Μόνο ένα μέλος αυτού του ιστολογίου μπορεί να αναρτήσει σχόλιο.